კახა ოქრიაშვილი: მინდა შეგახსენოთ, რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში წარმატებით მუშაობს სრულად მაჟორიტარული ან შერეული სისტემები

facebooktwittergoogle_plus

ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები და დისკუსია მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით გაგრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, ფრაქცია ”ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარემ, დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მაჟორიტარული სისტემა უზრუნველყოფს ხელისუფლების სწორ და დაბალანსებულ კონცენტრაციას.

”როდესაც პარლამენტში გადის მრავალი პარტია და გამარჯვებული პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არ აღემატება 25-30%-ს, ასეთ შემთხვევაში, ქვეყნებში სადაც პოლიტიკური და დემოკრატიული ტრადიციები ჩამოყალიბების პროცესშია, კოალიციის ჩამოყალიბება რთულდება, ხოლო ჩამოყალიბებული კოალიციები ადვილად იშლება, რაც პოლიტიკურ კრიზისებს, პერმანენტულ რიგგარეშე არჩევნებს და შედეგად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას იწვევს.

სამწუხაროდ, დაბალი კონცენტრაციის პრობლემა არ აღმოჩნდა მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყნების პრობლემა, არამედ ეს პრობლემა აღმოჩნდა ისეთი განვითარებული ქვეყნებისთვის, როგორიც ესპანეთი, გერმანია, ავსტრია. მინდა ვისაუბრო მოლდოვაში განვითარებულ პროცესებზე.

2006 წელს მოლდოვა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა. ამ პროცესების შედეგად, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა მყიფე და სუსტი კოალიციური მთავრობები, რასაც ერთვოდა პოლიტიკური სკანდალები და კრიზისები მმართველ კოალიციაში.

ამ პროცესებმა მოლდოვაში გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაცია და მოსახლეობის უდიდესი სიდუხჭირე. შედეგად, საზოგადოებაში და პოლიტიკურ ცენტრში გაჩნდა ძლიერი ხელისუფლების მოთხოვნილება და დღეს მოლდოვა შერეულ სისტემაზე მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემაზე გადადის.

სწორედ მაჟორიტარული სისტემა უზრუნველყოფს ხელისუფლების სწორ და დაბალანსებულ კონცენტრაციას. ჩვენ ვრჩებით მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეებად და ვწუხვარ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პერიოდში ვერ შევძელით 2024 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება. ჩამოყალიბდა შემდეგი მოცემულობა: ოპოზიციური პარტიების და საექსპერტო წრეების უმრავლესობა მხარს უჭერდა სრულად პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას. აგრეთვე, უმრავლესობის ნაწილიც ემხრობოდა და ემხრობა პროპორციულ სისტემას. არსებულ მოცემულობაში ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს და პროპორციული სისტემა ამოქმედდება 2024 წლიდან, თუმცა ჩვენ ისევ ვრჩებით მაჟორიტარული ინსტიტუტის მომხრეებად”, – განაცხადა ოქრიაშვილმა. 

მისივე თქმით, სრულად მაჟორიტარული სისტემა მოქმედებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებში როგორიც არის აშშ, საფრანგეთი, იაპონია და ა.შ. 

”ხშირად გვესმის, რომ მაჟორიტარული სისტემა არის მანკიერი. დღესაც მოვისმინეთ, რომ თითქოს ეს სისტემა არის ფეოდალური. მინდა შეგახსენოთ, რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში წარმატებით მუშაობს სრულად მაჟორიტარული ან შერეული სისტემები, მაგალითად: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და ა.შ. ბატონებო, ამ ქვეყნებში ფეოდალიზმია? სენატორები და კონგრესმენები ფეოდალები არიან? სასაცილოა… მაჟორიტარული სისტემის უმთავრეს ნაკლოვანებად ოპონენტები მიიჩნევენ ე.წ. ხმების დაკარგვას. აღსანიშნავია, რომ ორივე სისტემას ახასიათებს ხმების დაკარგვა – მაჟორიტარულში იკარგება წაგებული კანდიდატის ხმები, ხოლო პროპორციულში იკარგება იმ პარტიებისთვის მიცემული ხმები, რომლებიც პარლამენტში ვერ ხვდებიან. ნარატივი იმასთან დაკავშირებით, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს იგებს როგორც წესი მმართველი პარტია, არასწორია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა ”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში გაიყვანა 41 მაჟორიტარი, ხოლო ”ნაციონალურმა მოძრაობამ” – 32”, – განაცხადა ოქრიაშვილმა. 

დეპუტატმა ასევე ისაუბრა ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში „მომთაბარეობაზე“. 

”მიიჩნევა, რომ საქართველოს პირობებში მაჟორიტარებს ახასიათებს კომფორმიზმი. არამაჟორიტარ დეპუტატებს კონფორმიზმი არ ახასიათებთ? შემიძლია ჩამოვთვალო პარლამენტის უამრავი წევრი, რომლებიც არასდროს ყოფილან არჩეული მაჟორიტარად, მაგრამ მოვლილი აქვთ თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია და გაერთიანება იმის მიხედვით, თუ რომელი პარტიიდან ჰქონდათ პარლამენტში მოხვედრის ყველაზე დიდი შანსი. ეს მომთაბარეობა მხოლოდ პოლიტიკოსების ბრალი არ არის. ჩვენს რეალობაში, როგორც წესი, არჩევნებში წაგებული პოლიტიკური პარტია წყვეტს არსებობას ან მნიშვნელოვნად სუსტდება, ამის მაგალითებია: ”მრგვალი მაგიდა”, ”მოქალაქეთა კავშირი”, ”აღორძინება”. დამარცხების შემდეგ ისინი გაქრნენ პოლიტიკური ველიდან, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობა” მნიშვნელოვნად დასუსტდა და დაქუცმაცდა”, – განაცხადა ოქრიაშვილმა. 

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus