საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში

facebooktwittergoogle_plus

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბრიუსელში იმყოფება, სადაც, 2 თებერვალს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრის პროცედურას დაესწრება. დღეს შეხვედრები ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, ანტონიო ტაიანისთან და ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან, კრისტინ დეფრენთან გაიმართა. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკალისტერთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაველ სვობოდასთან. საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს ევროპარლამენტში შემავალ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართავს, მათ შორის, “ევროპის სოციალისტური პარტიის” პრეზიდენტთან, სერგეი სტანიშევთან და კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან, საიედ კამალთან. მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
1046686a1efd0a44f95083ddb1d4ba81_54777
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტს 3 თებერვალს დაასრულებს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე. „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და დელეგაციასთან ერთად, ბელგიის პარლამენტისა და სენატის თავმჯდომარეებთან, ასევე, ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან და რიგი შეხვედრები ევროპარლამენტში არსებულ პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებთან. ზოგადად, საუბარი გვექნება, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან უკვე არსებულ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე, ჩვენს მომავალ გეგმებზე და ვიზალიბერალიზაციაზე, რასაც უკვე 2 თებერვალს კენჭს უყრიან. ცხადია, ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით კი, ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პირველი სამუშაო ვიზიტით სწორედ ბრიუსელს ეწვია, პარლამენტის მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში გაცხადებული საგარეო პრიორიტეტების კიდევ ერთი დადასტურებაა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus