ინტერვიუ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელ ლელა ქიტესაშვილთან

facebooktwittergoogle_plus

ლელა ქიტესაშვილი საქართველოს 71 მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და ქალაქის მერებს შორის ერთადერთი ხალხის მიერ არჩეული ქალი გამგებელი გახლავთ. “დაბრკოლებები და სირთულეები რასაკვირველია, ამ პოზიციას თან ახლავს, მაგრამ მე არ მაშინებს წინააღმდეგობები, პირიქით, უფრო მეტ ჟინსა და წარმატების მიღწევის დაუოკებელ სურვილს მძენს და ამისთვის არაფერს ვიშურებ, თავს არ ვზოგავ და თითქმის ყოველთვის ვაღწევ შედეგს”.
– ქალბატონო ლელა, შევაჯამოთ წლის მუშაობა: რა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შეძელით ამ პერიოდში?
– საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის N 295 განკარგულებით, “რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” თიანეთის მუნიციპალიტეტს 2 134 357 ლარი გამოეყო, რომლითაც შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ: ავაშენეთ დაბა თიანეთის სოფ. თეთრახევასთან და სოფ. თრანის მაგრანეთთან დამაკავშირებელი ხიდები; სოფ. ხევსურთსოფლის, დევენაანთხევისა და საყდრიონის წყალმომარაგების სისტემა, რომელმაც საბოლოოდ გადაჭრა ამ ადმინისტრაციული ერთეულის მრავალწლიანი უწყლოობის პრობლემა. დაბა სიონსა და სოფ. ნადოკრაში ავაშენეთ ახალი საბავშვო ბაღები. სოფ. ახალსოფლის, ჩაბანოსა და ნაქალაქრის საბავშვო ბაღებს კი, სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. დაბა თიანეთში მოვაწყეთ ასენიზაციის სისტემა.
ამჟამად, “მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან” გამოყოფილი თანხით, სამი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – დაბა სიონში, სოფ. ჩეკურაანთგორსა და სოფ. ღულელებში. გასულ წელს, შევიძინეთ გრუნტის ვიბროსატკეპნი და უკვე ადგილობრივი ძალებით ვცდილობთ სოფლებთან დამაკავშირებელი და შიდასასოფლო გზების მოწესრიგებას. განვახორციელეთ გზების რეაბილიტაცია სოფ. ღულელები-მაგრანეთის, სოფ. ჭურჭელაურები-არტანი-ლაშარის, სოფ.ლელოვანი, ჟებოტა-ჭიაურა, გოჯიაანები-კვერნაულას მიმართულებით. სოფ. ცალუღელაანთკარში გავწმინდეთ სტიქიისაგან დაზიანებული ხევი. ხოლო დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, საჯინიბოსა და ყუდროში აღვადგინეთ სტიქიისგან დაზიანებული გზები.
1
დაბა თიანეთის 4 ქუჩა თანამედროვე ტიპის ნათურებით გავანათეთ. ადგილობრივი ბიუჯეტით განვახორციელეთ შემდეგი პროექტები: დაბა თიანეთის შემოსასვლელში “თიანეთის” სახელდების ნაგებობის რეაბილიტაცია; დ. თიანეთში სკვერის რეაბილიტაცია; რამდენიმე სანიაღვრე არხის მოწყობა და ნაყარი გრუნტის მოსწორება; თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის, გამგეობის ადმინისტრაციული შენობის, სამუსიკო სკოლისა და ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
2
“მუნიციპალური განვითარების ფონდის” დაფინანსებით, მიმდინარეობს სოფელ ჟებოტის ამაღლების კომპლექსთან მისასვლელი გზისა და არჩილის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. “საქართველოს მელორაცია” თიანეთში ახორციელებს ერწოში აძეძის არხის გაწმენდის სამუშაოებს, ხოლო ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე დასრულებულდა სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები. შედეგად, ერწოს მოსახლეობას მრავალი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა გაუჩნდება, ხოლო ახალსოფლის, გოჯიაანების, დულუზაურებისა და ჩაბანოს მოსახლეობას 300 ჰა ფართობი ექნება სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი.
3
სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმს. დასრულდა “საქართველოს ფოსტის” თიანეთის ფილიალის მშენებლობა. უახლოეს მომავალში, დაბა თიანეთში გაიხსნება ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი. ასევე, ყველა სოფელში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, განვახორციელეთ სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი.
4
– რა მდგომარეობაა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში?
– ჩემი გამგებლად არჩევის შემდეგ, ძირეულად შევცვალეთ “ბაგა-ბაღების გაერთიანების” წესდება; განვახორციელეთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სტრუქტურის ორგანიზაციული ცვლილებები; მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ ბავშვთა კვება და გავზარდეთ დასაქმებულთა ხელფასები.
ამჟამად, თიანეთის მუნიციპალიტეტში 16 საბავშვო ბაღი გვაქვს. შარშან გავხსენით ახალი ბაღი სოფელ დულუზაურებში, ხოლო ხევსურთსოფლის საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. საბავშვო ბაღებისთვის შევიძინეთ სახანძრო და სამზარეულო ინვენტარი. ახალ წელს თიანეთი კიდევ ხუთი ახალი ბაღით შეხვდა – საბავშვო ბაღები ავაშენეთ დაბა სიონსა და სოფელ ნადოკრაში, ხოლო ნაქალაქარის, ჩაბანოსა და ახალსოფლის საბავშვო ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ.
5
– რომელი სოციალური პროგრამები ხორციელდება თქვენს მუნიციპალიტეტში?
– ვცდილობთ, რაიონის მცირე ბიუჯეტის გათვალისწინებით, ყოველწლიურად გავაუმჯობესოთ და გავამრავალფეროვნოთ მუნიციპალური სოციალური პროგრამები. კერძოდ, წელს სოციალური დახმარების მიმღებთა კატეგორიას დავამატეთ c ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეები, რომელთაც ესაჭიროებათ გამოკვლევები სახელმწიფო მკურნალობის პროგრამაში ჩართვის მიზნით. მათ ამ კვლევას მუნიციპალიტეტი უფინანსებს. აი, იმ სოციალური პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს:
◕ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურება;
◕ C ჰეპატიტით დაავადებული მოქალაქეების გამოკვლევა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით;
◕ ჰემოდიალიზით მოსარგებლე მოქალაქეებს, რომლებიც იღებდნენ ფინანსურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით, წელს ეს დახმარება გაეზარდათ 400 ლარამდე;
◕ დაუნის სინდრომით, აუტიზმით დაავადებული და შშმ ბავშვების ოჯახები იღებენ ფინანსურ დახმარებას შესაბამის დღესთან დაკავშირებით;
◕ ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
◕ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები იღებენ ფინანსურ დახმარებას 9 მაისთან დაკავშირებით (ერთჯერადი ფულადი დახმარება) ;
◕ დედ-მამით ობოლი ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
◕ 100 და 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი დახმარება;
◕ სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომისშემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება;
შარშან, ფინანსური დახმარების მიმღებთა კატეგორიას დაემატა სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელთაც საჯარო სკოლა დაამთავრეს ოქროსა და ვერცხლის მედალზე, ასევე – სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატი. ზემოთ აღნიშნული პროგრამების განხორციელებისათვის, 2016 წელს ბიუჯეტიდან დახარჯულია 193 100 ლარი. მათ შორის, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებები შეადგენს 136 500 ლარს. აღნიშნული თანხით ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწია 455 განმცხადებელს, ხოლო 170 მოქალაქეს აუნაზღაურდა სამედიცინო მომსახურების ხარჯი.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე მოქმედებს “მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა” – შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი. გარდა ამისა, დაბა თიანეთში ფუნქციონირებს უფასო სასადილო -“მადლი”, რომელიც აქამდე 40-ს, ხოლო 2017 წლიდან 46 მზრუნველობა მოკლებულ ბენეფიციარს მოემსახურება.
– როგორ ვითარდება ტურიზმი მუნიციპალიტეტში?
-უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, თიანეთში ტურისტთა განსაკუთრებული სიმრავლეა. წელს დამსვენებელთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა დაბა სიონში. ტურისტთა სიმრავლეს ხელი შეუწყო თბილისი-თიანეთისა და თიანეთი-საგარეჯოს დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციამ.
დამსვენებელთა დიდი რაოდენობა აღირიცხა დაბა თიანეთშიც. ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა თიანეთი “მწვანე მუნიციპალიტეტის” სტატუსის მინიჭების შემდეგ, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენთან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია იწარმოება ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
ბევრმა თიანელმა განავითარა მცირე ბიზნესი – მოაწყო საოჯახო სასტუმრო. ისინი ვიზიტორებს სამზარეულოსაც სთავაზობენ. ასეთი სასტუმროები განსაკუთრებით საინტერესოა სათავგადასავლო-სასოფლო ტურიზმის მოყვარული ადამიანებისთვის.
6
დასასრულს, მინდა ყველა ქართველს მივულოცო შობა-ახალი წელი და ვუსურვო მშვიდობა, სიკეთე და სიუხვე.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus