საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ბოლო ვადა ცნობილია

facebooktwittergoogle_plus

8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ამ დროისათვის უკვე ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები დათვლილია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის ცესკოს ვებგვერდზე.
“პროპორციული არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა” – განაცხადა მიქელაძემ. არჩევნების მეორე ტური, კანონმდებლობის თანახმად, ინიშნება პირველი ტურის შედეგების შეჯამებისას. მეორე ტურების გამართვის ბოლო ვადა კი, მიმდინარე წლის 2 ნოემბერია. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს ორი კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არსებული წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 50 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.
201610112035231
ანა მიქელაძემ მედიას, ასევე, მიაწოდა სტატისტიკური მონაცემები გენდერულ ჭრილში, კერძოდ 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო – 1814276-მა ამომრჩეველმა, აქედან 51.1%-(927069) ქალია, ხოლო 48.9% (887207) კაცი. რაც შეეხება საჩივრებს, ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების შეტანის ვადა ამოწურულია და ამჟამად, მიმდინარეობს მათი განხილვის პროცესი. მისივე თქმით, პროცედურის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს მათი რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების განაკარგულებები შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში,“ – აღნიშნა ანა მიქელაძემ. ბოლო მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 6 უბნის შემაჯამებელი ოქმი ბათილად იქნა ცნობილი. ამ ეტაპზე უკვე დაკმაყოფილდა საჩივრების გარკვეული რაოდენობა, რომელთა უმრავლესობა კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ეხება.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტობმრის არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მომავალ პარლამენტში 3 პარტია შევა: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” (48,64%), “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (27.11%) და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” (5.01%).

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus