ხარაგაულის გამგებელმა “მუნიციპალური განვითარების ფონდს” მიმართა

facebooktwittergoogle_plus

ხარაგაული-ღორეშა-უბისის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება. აღნიშნულ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინასების მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა “მუნიციპალური განვითარების ფონდს” წერილით მიმართა. ასევე, მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც აღნიშნულ ფონდს გადაეგზავნა:

“მოგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ხარაგაული-ღორეშა-უბისის საავტომობილო გზა, რომელიც მუნიციპალიტეტის ცენტრს დაბა ხარაგაულს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზასთან აკავშირებს. გზა მუნიციპალიტეტის ხუთ ტერიტორიულ ერთეულზე გადის, სადაც მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 8 000 კაცს შეადგენს. აღნიშნული გზის სიგრძეა 21 კილომეტრი და ამ გზით სარგებლობას მუნიციპალიტეტის 28 000 მაცხოვრებელთა უმრავლესობა შეძლებს. გზის რეაბილიტაცია სტიმულს მისცემს მცირე მეწარმეობისა და ფერმერული მეურნეობის განვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს ტურისტულ აქტივობებს.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს განხორციელდა აღნიშნული გზის ხარაგაული-ბაზალეთის 2-კილომეტრიანი მონაკვეთის ა/ბეტონის საფარით მოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს ამ მონაკვეთის ერთკილომეტრიანი გზის დაგრძელების სამუშაოები. ასევე, როგორც თქვენთვის ცნობილია, მუნიციპალური ფონდის მიერ მიმდინარეობს უბისის ტაძრის მიმდებარედ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში გზის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები. აგრეთვე, დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები უბისა-ღორეშის 5,5-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის მოსაბეტონებლად.
ამგვარად, ხარაგაული-ღორეშა-უბისის 21-კილომეტრიანი გზის დაახლოებით 9,5-კილომეტრიანი მონაკვეთი მთლიანად რეაბილიტირებული იქნება მიმდინარე წლის შემოდგომამდე. რაც შეეხება გზის დარჩენილ 11-კილომეტრიან მონაკვეთს, არის მძიმედ დაზიანებული, ტრანსპორტისთვის გაძნელებულია მასზე გადაადგილება, საჭიროებს ხშირ შეკეთებას და სოლიდური თანხების ხარჯვას. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, გზის მოხრეშვით სამუშაოებს გრძელვადიანი ეფექტი არ აქვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტს მოწესრიგებული ალტერნატიული გასასვლელი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე არ აქვს, გთხოვთ, განიხილოთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ღორეშა-ბაზალეთის გზის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და მიიღოთ გადაწყვეტილება აღნიშნული გზის რეაბილიტაციის დაფინანსების შესახებ.“ – ვკითხულობთ ოფიციალურ წერილში, რომლითაც კობა ლურსმანაშვილმა “მუნიციპალური გამვითარების ფონდის” აღმასრულებელ დირექტორს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მიმართა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus