ქედაში საბავშვო ბაღების ქსელი 2-ჯერ გაფართოვდა

facebooktwittergoogle_plus

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით დუმბაძემ საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად ქედაში საბავშვო ბაღების ქსელის გაფართოება გაწერა და ამომრჩევლებს პროექტის განხორციელებას დაჰპირდა. ქედის გამგეობამ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. ორჯერ გაფართოვდა ბაღების ქსელი მუნიციპალიტეტში, რამაც 120 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, ხოლო დამატებით 400 ბავშვს მიეცა შესაძლებლობა, მიიღოს სკოლამდელი განათლება.

პირველი მაისის, დანდალოს, ახოს, ვაიოს, დაბა ქედის #2 და დოლოგნის საბავშვო ბაღები, ბოლო 2 წლის განმავლობაში შეემატა არსებულს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით. აღსანიშნავია ისიც, რომ მაქსიმალურად დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რაც არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა უწყების დასკვნებში. ბაღები დაკომპლექტებულია პროფესიონალი აღმზრდელ-მასწავლებლებით, რომლებიც ინტენსიურად გადიან გადამზადების კურსებს, რათა თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი განათლების მიღება შეძლონ პატარებმა.

გასულ წელს, კეთილმოეწყო 3 საბავშვო ბაღის ეზო, სადაც დამონტაჟდა ატრაქციონები, ხოლო სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 2 საბავშვო ბაღს.

სოფელ ნამლისევში კი, სააღმზრდელო დაწესებულება მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნება. ორსართულიან კაპიტალურ შენობას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 241 222 ლარი იყო გამოყოფილი. ბაღი 2 ჯგუფზეა გათვლილი და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. მასში სკოლამდელი განათლების მიღებას 5 სოფლის აღსაზრდელები პირველად შეძლებენ.

ბაღების ქსელის გაფართოების პროგრამა ქედაში წელს დასრულდება. ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მალე ჩაეყრება საფუძველი კიდევ ერთი ახალი ბაღის მშენებლობას. აღსანიშნავია, რომ ამ ხეობაში საბავშვო ბაღი არასოდეს ჰქონიათ. მე-15 ბაღის მშენებლობის შედეგად, ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულსა და მეზობელი სოფლის მაცხოვრებლებს შეექმნებათ კომფორტი, რათა მათმა პატარებმა მიიღონ სრულფასოვანი სკოლამდელი განათლება.

,,მიხარია, რომ სანიმუშოდაა აწყობილი სკოლამდელი განათლების სისტემა ქედაში. მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ პატარების მომავალს. ახალი ბაღები ახალი სამუშაო ადგილებია. ჩვენი მიზანია, სოფლად მცხოვრებ ბავშვებს მივცეთ სკოლამდელი განათლების მიღების საშუალება და ხელი შევუწყოთ სოფლის განვითარებას. იქვე შევქმნათ სამუშაო ადგილები, რაც, ვფიქრობ, მიგრაციის პრობლემას ნაწილობრივ მოაგვარებს” – აღნიშნავს დავით დუმბაძე, ქედის გამგებლად არჩევიდან მესამე წელს.

ქედაში ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის, ბოლო წლების განმავლობაში, 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus