გორის მუნიციპალიტეტში 2015 წელს განხორციელებული პროექტები

გორის მუნიციპალიტეტი
facebooktwittergoogle_plus

2015 წელს, გორში განხორციელდა 5 900 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის  2 813 000 ლარი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ გამოყოფილი თანხებია; 1 500 000 ლარი – გასული წელს დაწყებული გარდამავალი პროექტების ღირებულება; 158 000 ლარი – ადგილობრივი ბიუჯეტის ეკონომიით მიღებული, ხოლო 419 000 ლარი – საპრემიო ფონდის შემცირებით მიღებული თანხები, რომელიც აღნიშნული პროექტების გასახორციელებლად მიიმართა.
მთლიანობაში, გასულ წელს განხორციელდა რამდენიმე ათეული ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის 50 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან და ორგანიზაციებთან თანადაფინანსების რეჟიმში. თითოეული პროექტის განხორციელებისას, მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული შშმ  პირთა  საჭიროებები.

2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა სრულად იქნა ათვისებული. აღნიშნული პროგრამით 35 ამხანაგობის პროექტი დაფინანსდა. მათმა საერთო ღირებულება მშეადგინა 475 640 ლარი, საიდანაც მერიის მიერ 404 041 ლარი დაფინანსდა.

გასულ წელს, თანადაფინანსების 80%-იანი წილი 90%-მდე გაიზარდა. დამატებით კი, ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსური წილი ფინანსდება 100%-ით. გარდა ამისა, ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ პროექტის ფინანსური მხარდაჭერის საშუალება, შრომით საქმიანობაში იღებდნენ მონაწილეობას.

,,თანადაფინანსების პროგრამა საუკეთესო ბერკეტია, რითაც პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარება შეგვიძლია. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოქალაქეების თანამშრომლობის კარგი ფორმა –  მოქალაქეთა აქტიური ჩართულობითა და მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით განხორციელდეს პატარ-პატარა პროექტები, მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. ამასთანავე, თანამონაწილეობა ამაღლებს მოსახლეობის პასუხისმგებლობასაც, რომ უფრო მეტად მოუფრთხილდნენ საერთო საკუთრებას.“ – აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

სახურავების გადახურვა, ეზოს მოასფალტება, სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, ლიფტებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია, საწვიმარი მილებისა და კარ-ფანჯრების გამოცვლა –  ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც 2015 წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა.

ამხანაგობების წევრები თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების პროგრამის გარეშე ისინი ვერ შეძლებდნენ მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.

2015 წელს, დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარკვეული კატეგორიები: სოციალურად დაუცველი ოჯახები 37 000 სარეიტინგო ქულამდე, მრავალშვილიანი ოჯახები 4 და მეტი შვილით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები და პირველი ჯგუფის ინვალიდები.

მერია, „გორის კეთილდღეობის ცენტრთან“ ერთად, ახორციელებს პროექტს ,,შშმ პირთა ადაპტაცია საჯარო სამსახურში”, რომლის ფარგლებში ოთხი შშმ პირი დასაქმდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში. პროექტის ღირებულებაა  30 720 ლარი.

გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივით, 43 წარმატებულ აბიტურიენტს, რომელმაც 100% სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან, წახალისების მიზნით, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცა.

ყველაზე მაღალი ქულების მქონე პირველმა 15-მა აბიტურიენტმა მიიღო 1000, შემდეგმა 15-მა – 500, ხოლო დანარჩენმა 13-მა აბიტურიენტმა – 300-ლარიანი ფულადი ჯილდო.

26 400 ლარი ქალაქ გორის უნიციპალიტეტის მერიის ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის წახალისებისა და სკოლებში კლასგარეშე აქტივობების თანადაფინანსების პროგრამიდან“ გამოიყო. როგორც მუნიციპალიტეტში მიაჩნიათ, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათ წახალისებას და განათლების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე. პროგრამა, მოსწავლეთა ფინანსური წახალისების გარდა, სკოლების კლასგარეშე აქტივობების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს.

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განათლებაა და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით წარმატებული ახალგაზრდების გვერდით.“ – აღნიშნავს ქალაქის მერი.

მიმდინარე წლის იანვარში, სადგურის დასახლებაში დასრულდა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული პროექტი, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო, 3 ეტაპად განხორციელდა.

პირველი და მეორე ეტაპი საკანალიზაციო ქსელის, ხოლო  მესამე ეტაპი გამწმენდი ნაგებობის მოწყობას ითვალისწინებდა.

შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 3 263 338 ლარი შეადგინა.

თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.

სადგურის დასახლებაში დღემდე არ არსებობდა საკანალიზაციო სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას.

ქალაქის აღნიშნულ ნაწილში, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ქუჩების (ფურცელაძე, ჯავახიშვილი, მიჩურინი,  ძმები ზუბალაშვილები) რეაბილიტაცია.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ,,დასაქმებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის“ მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით, 2015 წელს, მურაზ ცერცვაძემ ბურბუშელების საწარმოსთვის საჭირო დანადგარი შეიძინა.

მურაზ ცერცვაძის გარდა, ამავე პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა გოჩა ომაძის, ნუგზარ ინჯიას, ნიკოლოზ ხოშპონოსოვის, თამარ რევაზიშვილის პროექტები.

ერთი 15 000-ლარიანი, ორი 10 000-ლარიანი და სამი 5 000-ლარიანი პროექტი კონკურსის წესით შეირჩა. უპირატესობა მიენიჭა ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა პროექტის მდგრადობა და განვითარების პერსპექტივა, დასაქმებულთა რაოდენობა, ინოვაციურობა, დაბალი რისკები, ინვესტიციის მოზიდვის პერსპექტივა, წილობრივი მონაწილეობა, პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმება.

„დასაქმებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის“ პროგრამა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სამუშაო ადგილების შექმნის პირველი მცდელობაა, რომლისთვისაც 2015 წლის ბიუჯეტში 60 000 ლარი გამოყო. მერიაში ვარაუდობენ, რომ პროგრამის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, მომავალ წელს პროგრამის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ეფექტურად  ხორციელდება მერიის მიერ დაფინანსებული ,,შინმოვლისა“ და ,,მობილური ზრუნვის“ პროექტები, რომლებსაც მერიის პარტნიორი საქველმოქმედო ორგანიზაციები ,,კარიტასი“ და ,,სამარიტელთა კავშირი“ ახორციელებენ.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში, 130  ბენეფიციარი, მარტოხელა პენსიონერი და ვეტერანი, ასევე – მოხუცებული და უნარშეზღუდული, საწოლს და სახლს მიჯაჭვული პირი სარგებლობს ოჯახში მომსახურებით, რაც ითვალისწინებს სხეულის მოვლას, სამედიცინო მომსახურებას, სახლის სამეურნეო საქმეებში დახმარებას და სოციალურ კონსულტაციას.

პროექტების საერთო ღირებულება 170 000 ლარია, საიდანაც გორის მერია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე  35 000 ლარს  აფინანსებს.

მერიის მხარდაჭერით გორში ტიხროვანი მინანქრის ხელოვნების შემსწავლელი უფასო სკოლა გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი, ერმილე მაღრაძე საკუთარ სახელოსნოში შეასწავლის ტიხრული მინანქრის დამუშავებას შუასაუკუნეების საქართველოში არსებული ტექნოლოგიით. ოცდაათწლიანი კვლევა-ძიების შედეგად მან აღადგინა ისტორიული, მივიწყებული ტექნოლოგია და დღეს ამ სფეროს ერთ-ერთ დიდოსტატად ითვლება.

სკოლა/სახელოსნო 3 წლის მანძილზე 6-7 კაციან ორ ჯგუფს გამოუშვებს. სწავლის ხანგრძლივობა 2 წელია.

პროექტის მიზანია, ტრადიციულ საფუძველზე მომზადდეს მსურველთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც წარმატებით გააგრძელებს  არსებულ ტრადიციას და შემდეგ სხვას გადასცემს მიღებულ ცოდნას. ამით გაგრძელდება და არ დაიკარგება ქართული ტიხროვანი მინანქრის სახელოვანი ტრადიციები.

2015 წელს, გორში 8 საბავშვო ბაღის შენობის ინტერიერის რეაბილიტაცია განხორციელდა.

1-ლი, მე-5, მე-6, მე-10, მე-13, მე-14, მე-16, მე-17 ბაღების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის №994 განკარგულების მიხედვით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ გამოიყო. სამუშაოების ღირებულებამ 396 675 ლარი შეადგინა.

რეაბილიტაციის შემდეგ, ბაგა-ბაღებში 360 ახალი ადგილი შეიქმნა და სკოლამდელი აღზრდა ხელმისაწვდომი გახდა უფრო მეტი აღსაზრდელისთვის.

„მიმდინარე წელს ვგეგმავთ, მოვაწესრიგოთ ბაღების გარეფასადები და ეზოები, რომ ჩვენს ბავშვებს უფრო კეთილმოწყობილი და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ.“ – აცხადებენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში.

ორგანიზაციების პერსონალის განცხადებით, ბაგა-ბაღების შენობებს, ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.

2015 წელს მე-12 ბაგა-ბაღის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

2012 წლის 17 დეკემბერს, აღნიშნული ბაღი ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა და გასული წლის დეკემბრამდე ნაქირავებ ფართში 3 სააღმზრდელო ჯგუფით განაგრძობდა ფუნქციონირებას. დღეისათვის, ბაღში 240 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
ბაღის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა, 436 762 ლარი, საქართველოს მთავრობის მიმდინარე განკარგულების მიხედვით, საქართველოს „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ გამოიყო.

  • გორის მუნიციპალიტეტი

შიდა ინტერირის რეაბილიტაცია ჩაუტარდა გორის სამხატვრო სკოლას, რომლის უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობა 1972 წლიდან ფუნქციონირებს და დღემდე კაპიტალურად არ შეკეთებულა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 117 578 ლარი გამოიყო.

ქალაქის მერის თქმით, გორის  სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებს დიდი შემოქმედებითი პოტენციალი აქვთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის ფუნქციონირების ხელშეწყობა. ამ მიზნით, განხორციელდა  ინტერიერის რეაბილიტაცია, რომელიც გარკვეული სიძნელეების მიუხედავად, წარმატებით დასრულდა და პატარა მხატვრებს ნორმალურ პირობებში მეცადინეობის საშუალება მიეცათ.

,,სკოლაზე ზრუნვას ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ. ამჟამად, შენობის ექსტერიერის სარეაბილიტაციო პროექტი გვაქვს წარდგენილი  იაპონიის საელჩოს გრასრუტების პროგრამაში და ველოდებით გრანტის მიღებას. თუ პროექტი არ დაფინანსდა, საჭირო თანხებს სხვა წყაროებიდან მოვიძიებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“ – განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

2015 წელს, ქალაქ გორში განხორციელდა 12 ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია. მათ შორის, მოწესრიგდა ისეთი ქუჩებიც, სადაც დღემდე ასფალტის საფარი არ ყოფილა.

სამუშაოებისთვის 800 ათასი ლარი – ცენტრალური, ხოლო 200 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედებს სოციალური დახმარების პროგრამა, რომლის ბიუჯეტმა 2015 წელს შეადგინა 613 831 ლარი. აღნიშნული თანხა მოხმარდა 3 577 ბენეფიციარს. პროგრამის ფარგლებში, დახმარება გაეწია ონკოლოგიურ პაციენტებს; სოციალურად  დაუცველ (70 000-მდე სარეიტინგო ქულა)  ოჯახებს; სქოლიოზით, ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომითა და აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს; მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი ოჯახების სტუდენტებს; დედ-მამით ობოლ ბავშვებს; ხანძრებით და სტიქიური უბედურებით  დაზარალებულ ოჯახებს; ვეტერანებს; 4 და მეტშვილიან ოჯახებს; ას წელს გადაცილებულ მოხუცებს; რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებს; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა პენსიონრებს; მარტოხელა დედებსა და  მიუსაფარ პირებს.

დასრულდა კვერნაქის ტყე-პარკის განაშენიანების პროცესი, სამების ეკლესიის მიმდებარედ, კვერნაქის მთის ფერდობზე. ტყე-პარკს უკვე უწოდებენ ,,,გორის ფილტვებს“, რადგან მისი  გაშენების მიზანი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. 2,5 ჰექტარზე გაშენებული 4500 ნერგი 2-3 წელიწადში  უკვე შექმნის შერეულ ტყეს,  რომელიც საგრძნობლად  გაასუფთავებს ჰაერს.

 

კომენტარი
facebooktwittergoogle_plus